მუსიკალური პროგრამით დასრულდა ზაფხულის ფესტივალის პირველი დღე ბათუმში, რომლითაც საკურორტო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. მუსიკალური ნომრები ადგილობრივმა და მოწვეულმა ბენდებმა შეასრულეს. მაყურებლის წინაშე ცნობილი ჰიტებით წარდგა ბენდები: „ურსა“, New One, La Fiesta,და Four Up . საინტერესო მუსიკალური ნომერი შესთავაზა ფესტივალის სტუმრებს ბათუმის ქალთა აკადემიურმა ანსამბლმა და DJ ჩიკიმ. ფესტივალი ბათუმში დღესაც გრძელდება და მსურველებს მასზე დასწრება 18:00 საათიდან, საოცრებათა პარკში შეუძლიათ. ულამაზესი საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მორთულ საფესტივალო სივრცეში სტუმრებს საშუალება აქვთ დაისვენონ, გაერთონ და საინტერესო მუსიკას მოუსმინონ. იქვე ფუნქციონირებს 10-ზე მეტი ლაუნჯი, კაფე-ბარი და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ბოლო წლებია, აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ზაფხულის ფესტივალით იხსნება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.