საბიუჯეტო პროექტზე კონსენსუსის მიღწევა ვერ ხერხდება.
აშშ-ში „შათდაუნი“ გრძელდება. პროცესმა ხანგრძლივობის კუთხით რეკორდი მოხსნა. 37-ე დღეა, ფედერალური უწყებების ნაწილი პარალიზებულია, შესაბამისად, შეჩერებულია სერვისები და ხელფასების გაცემა. ე. წ. შათდაუნმა, რომელიც ბიუჯეტის პროექტში ჯანდაცვის ხარჯების გარშემო არსებულმა უთანხმოებამ წარმოშვა, რამდენიმე სფეროში კრიზისული ვითარება შექმნა. განსაკუთრებით დაზარალდა ავიაციის სფერო. ტრანსპორტის მდივანი საჰაერო სივრცის ნაწილის დახურვის საფრთხეზე საუბრობს. მთავრობის დაფინანსების კანონპროექტის კიდევ ერთხელ ჩავარდნაზე დონალდ ტრამპი მთელ პასუხისმგებლობას დემოკრატებს აკისრებს.
რჩება თუ არა კომპრომისის და კონსენსუსის მიღწევის შანსი – ქეთი ჩოხელი დეტალებით.