მუსლიმური სამყარო ერთ-ერთ ყველაზე დიდ რელიგიურ დღესასწაულს, ყურბან-ბაირამს აღნიშნავს. ყურბან-ბაირამი საქართველოში მცხოვრებმა მორწმუნეებმაც აღნიშნეს. სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღავლინა. ყურბან-ბაირამი სამ დღეს გრძელდება. მორწმუნეები ამ დღეს ალაჰს ოთხფეხა შინაურ ცხოველს სწირავენ, ხორცი ოჯახის წევრებთან ერთად მეზობლებზე, შეჭირვებულებსა და უპოვრებზე ნაწილდება. ამ დღეს უხვად გასცემენ მოწყალებას, ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან და მოინახულებენ წინაპართა საფლავებს. ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში საქართველოს მუფთმა იქადაგა. მორწმუნეებს დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.