ყრილობა „ნაციონალურ მოძრაობაში“
დღეს, 15:00 საათზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაიმართება ყრილობა, ამის შემდეგ კი, როგორც თავად აცხადებენ, პარტია ჰორიზონტალურ მმართველობაზე გადავა. დღევანდელ ყრილობაზევე აირჩევენ მმართველობით ორგანოს და რეგიონულ ხელმძღვანელებსაც. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის ვაკანტურ ადგილს, რამაც პარტიაში დაპირისპირება გააღრმავა, ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნებიან კანდიდატები და როდის მოხდება თავმჯდომარის არჩევა. ასევე უცნობია, ყრილობას დაესწრება თუ არა თინა ბოკუჩავა, რომელიც 30 ივლისს ჩატარებულ პოლიტსაბჭოს სხდომას არ დასწრებია და მან სხდომას არალეგიტიმური უწოდა.
თავად პარტიაში აზრთა სხვადასხვაობას არ უარყოფენ, თუმცა, ამტკიცებენ, რომ ეს ნორმალური და დემოკრატიული პროცესის ნაწილია. პარტიაში არსებული დაძაბულობის პარალელურად, საქართველოს გარშემო ექვსთვიან შეხვედრებს აანონსებს ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელმაც პირველი შეხვედრა დედაქალაქში ქალებთან უკვე გამართა.
დღევანდელ ყრილობას სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, რეფორმირების ბორდი უნდა ჩამოყალიბდეს ექსკლუზიურად არაპარტიული ადამიანებისგან, რომლებსაც თავად უდგას სათავეში, ნანუკა ჟორჟოლიანი კი აღმასრულებელი მდივანი იქნება. მისი თქმით, ხალხი მათგან პირადი ემოციების ნაცვლად, საქმის გაკეთებას ელის და მისთვის გაუგებარი და მიუღებელია საჯაროდ ურთიერთობის გარკვევა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მორიგი დაპირისპირება არ უკვირს მმართველ გუნდს, სადაც აცხადებენ, რომ პარტია დაშლის პირასაა.