„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აფეთქებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კომპანიის წარმომადგენლები ბინაში დაგვიანებით მივიდნენ, არასწორს უწოდებს და შემოსული ზარების ქრონოლოგიას აქვეყნებს.

„არასწორად გავრცელებული ინფორმაციის გამო, თითქოს კომპანიის წარმომადგენლები საცხოვრებელი ბინის აალებამდე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, რამაც შესაძლებელია, გამოიწვიოს მოსახლეობაში პანიკის დათესვა, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აქვეყნებს შემოსული ზარების ქრონოლოგიას.

გავრცელებული დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია „ყაზტრანსგაზი-თბილისის“ წარმომადგენლები შემთხვევამდე ადგილზე 30 წუთის დაგვიანებით მივიდნენ, სიცრუეა და ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს, თითქოს სწრაფი რეაგირების ჯგუფი აალებამდე იყო მისული და დათვალიერების შედეგად გაზის სუნი ვერ აღმოაჩინა.

ვთხოვთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ხელს უწყობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,“ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.