დონალდ ტრამპისადმი მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილი პოლიტიკურ სპექტრში კვლავ შეფასებების თემაა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ საერთაშორისო ასპარეზზე სრულ იზოლაციაშია, ამიტომ მოლოდინი არ აქვთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ყაველაშვილის მიმართვას გაიზიარებს.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ ყაველაშვილი ღია წერილში ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს. ყაველაშვილი წერს, რომ საქართველოს მიმართ ტრამპის ადმინისტრაცია არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას, რაც მთავრობებს შორის სრული ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ შტატებმა მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა საქართველოს ყველა მეზობელთან, მაგრამ არაფერს ამბობს საქართველოს შესახებ. პრეზიდენტი გამოთქვამს იმედს, რომ დამოკიდებულება შეიცვლება.