ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმე

თელავის რაიონულ სასამართლოში, სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის, ომარ გამყრელიძის წინა სასამართლო სხდომა გაიმართა.

პროცესზე, დაცვის მხარემ საქმის შეწყვეტის და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ, ორი შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ისინი არ დააკმაყოფილა. მან დასაშვებად ცნო ბრალდების და დაცვის მხარის მტკიცებულებები. საქმეზე არსებითი განხილვა 14 აგვისტოს, 14:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, მკვლელობა მიმდინარე წლის 3 მაისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მოხდა. თავდაპირველად, შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძემ ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი ნათესავი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი დაჭრა, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. გამყრელიძე ცხელ კვალზე დააკავეს და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, მას პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით, ამავე საქმეზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილიშვილიც დააკავეს. 23 ივლისს კი, ომარ გამყრელიძეს ბრალი დაუზუსტდა და მას არა მკვლელობას, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავებიან.