წყალსაცავის რეაბილიტაცია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან ხაზიურმა, 2025 წლის სარწყავი სეზონის დაწყების აღსანიშნად, სიმბოლურად, ლაკბეს რეაბილიტირებული წყალსაცავის წყალგამშვები ურდული გახსნეს.
სარწყავ სისტემაში წყლის გაშვების პროცესს ადგილობრივი ფერმერები ესწრებოდნენ. მინისტრის მოადგილემ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებაში მელიორაციის როლზე ისაუბრა. გიგლა თამაზაშვილმა კი ადგილობრივებთან რეგიონის განვითარებისთვის სამელიორაციო სისტემების გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში, 2012-2024 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დამატებით 20 140 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია წყლით უზრუნველყოფილი, სარწყავი წყლის მიწოდება 16 285 ჰექტარზე გაუმჯობესდა, დრენირებული მიწის ფართობის რაოდენობა – 8 725 ჰექტარია.