წყალმომარაგების ქსელზე უკანონო მიერთების ფაქტები
გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ ქუთაისში წყალმომარაგების და წყალარინების ქსელებზე უკანონო მიერთებების ფაქტები გამოავლინა. ჩატარებული ტექნიკური შემოწმებების შედეგად, ქალაქში მოქმედ რამდენიმე სამეწარმეო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მსხვილ ობიექტს წყლის მიწოდება შეუზღუდა. კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ობიექტები წყალმომარაგების ქსელზე კანონის დარღვევით იყვნენ მიერთებულნი, რაც იწვევდა წყლის დანაკარგებს, ქსელში წნევის ვარდნას და ზრდიდა სასმელი წყლის ხარისხის გაუარესების რისკებს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ უკანონო მიერთებების წინააღმდეგ ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება. შესაბამისად კომპანია მოქალაქეებსა და კერძო სექტორს მოუწოდებს წყალმომარაგების სერვისით კანონიერად და პასუხისმგებლობით ისარგებლონ.