წყალდიდობა სლოვენიაში

სლოვენიაში გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.

წინასწარი ცნობით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა 500 მილიონ ევროს გადააჭარბებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, 5 აგვისტოს დილით, ლუბლიანასთან ახლოს, მდინარის ნაპირთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს. დაღუპულია ასევე სამი ადამიანი, მათ შორის ორი ნიდერლანდელი ალპინისტი. ნიდერლანდების კიდევ ხუთი მოქალაქე დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა უკანასკნელი ცნობით, მათ ადგილსამყოფელს მიაგნეს. წყალდიდობის შედეგად დანგრეულია სახლები, საწარმოები, გზები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. ადგილობრივი მედიის ცნობით, 600-ზე მეტი ჯარისკაცი განლაგდა დატბორილ რაიონებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამშენებლო აღჭურვილობით, მძიმე ტექნიკითა და ვერტმფრენებით, რათა დაეხმარონ სანაპიროების გაწმენდასა და გამაგრებას.