წითელი პარასკევი იერუსალიმში

21:10, 18.04.2025

იერუსალიმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მომლოცველებითაა სავსე.

რამდენიმე საათის წინ მორწმუნეებმა მაცხოვრის მიერ ჯვარცმამდე განვლილი მძიმე გზა კიდევ ერთხელ გაიარეს. მსვლელობას შეუერთდნენ ქართველი სასულიერო პირები, პილიგრიმები და „მოამბის“ გადამღები ჯგუფის წევრები. დღეს წითელი პარასკევია – წლის ყველაზე მძიმე დღე, როცა ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. 14 გაჩერება გოლგოთამდე და „ვია დოლოროსა“, ანუ მწუხარების გზა, რომელიც ძველი იერუსალიმის ე. წ. ლომის კარიბჭესთან იწყება და ტრადიცია, რომლის დაცვით მორწმუნეები ცდილობენ, თავადაც განიცადონ ის ტკივილი და ტანჯვა, რომელსაც გოლგოთისკენ მიმავალი მაცხოვარი გრძნობდა. ქრისტეს ვნების გზის გავლისას წელსაც ტრადიციულად ისმოდა ქართული საგალობლები. მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ხვალ მომლოცველები წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდებიან. ქრისტიანული სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შესახვედრად ემზადება.

გენო ოსიყმაშვილი და ვახო ლეკიაშვილი წმინდა მიწიდან.

მსგავსი