წითელი მოსასხამი

ინდიელების დიდი ბელადის, საგაიავატას, ისტორია წინააღმდეგობრივი და საინტერესოა, იგი ებრძოდა თეთრკანიანებს, დიპლომატობდა, ურიგდებოდა, ცდილობდა მოლაპარაკებას.

როგორც ვიდეობლოგში დაგპირდით, ეს არის ინდიელთა დიდი ბელადის, საგაიავატას, როგორც თეთრები ეძახდნენ, „წითელი მოსასხამის“ (Red Jacket) სიტყვა, რომლითაც მან მიმართა ქრისტიან მისიონერებს, 1805 წელს დიდ შეკრებაზე.

„წითელი მოსასხამის“ სიტყვა, 1805 წელი

„მეგობრებო და ძმებო: უზენაესი სულის ნება იყო დღეს ჩვენი შეხვედრა. ის განაგებს ყველაფერს და მან შეგვირჩია ეს მშვენიერი დღე სასაუბროდ. მან მოაცილა საფარი მზეს და ამიტომ ბრწყინავს ის ჩვენს ზემოთ. ჩვენი თვალები ღიაა, რათა დავინახოთ. ჩვენი სმენა მომართულია, რათა ცხადად გავიგოთ თქვენი სიტყვები. ამ ყველაფრისთვის მადლობა უზენაეს სულს და მხოლოდ მას.

ძმებო, ამ შეხვედრას თქვენ მასპინძლობთ. თქვენი სურვილი იყო, რომ ერთად შევყრილიყავით. ჩვენ ყურადღებით გისმინეთ. თქვენ ისურვეთ, რომ ჩვენც გულღიად ვილაპარაკოთ. ეს გვახარებს. ახლა ჩვენ წარვდგებით თქვენს წინაშე და გეტყვით გულისნადებს. ყველამ გაიგონა თქვენი ხმა და ახლა ჩვენ ვიტყვით ჩვენ საერთო სათქმელს, ჩვენი გულები თანხმობაშია.

გვისმინეთ, ძმებო. იყო დრო, როდესაც ჩვენი წინაპრები ფლობდნენ ამ მიწას. მათი სამფლობელი იყო აისიდან დაისამდე.  უზენაესმა სულმა მისცა ეს მიწა მათ. მან შექმნა ხარები, ირმები და სხვა ცხოველები ჩვენს გამოსაკვებად. მან შექმნა დათვები და თახვები, ხოლო მათი ტყავი ტანსაცმლისთვის. მან გააბნია ისინი ყველგან და გვასწავლა, როგორ მოვინადიროთ. მან მოიყვანა მარცვალი პურისთვის. ყველაფერი ეს მან აჩუქა თავის წითელ შვილებს, რადგან უყვარდა ისინი. თუკი რამე გაუგებრობა იყო ჩვენს შორის სანადირო მიწების გამო, ის ჩქარა გვარდებოდა დიდი სისხლისღვრის გარეშე.

 

მაგრამ დადგა ბოროტი დღე. თქვენმა წინაპრებმა გადმოლახეს დიდი ზღვა და გადმოსხდნენ ამ მიწაზე. ცოტანი იყვნენ. მათ დახვდნენ მეგობრები და არა მტრები. მათ გვითხრეს, რომ გამოიქცნენ თავისი ქვეყნიდან, გამოექცნენ შიშს და ბოროტ ადამიანებს და მოვიდნენ აქ, რომ თავისუფლად აღასრულონ თავისი რწმენა. მათ ითხოვეს პატარა ადგილი. ჩვენ მივიღეთ ისინი, შევუსრულეთ სურვილი. ისინი დასახლდნენ. ჩვენ მივეცით მარცვალი და ხორცი. სანაცვლოდ მათ მოგვცეს შხამი.

ძმებო, ერთ დროს ჩვენი  მიწა დიდი იყო, თქვენი მცირე. ახლა თქვენ ბევრნი ხართ, და ჩვენ აქა-იქ შეგვრჩა ადგილები. თქვენ მიიღეთ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ არ ხართ კმაყოფილები. თქვენ გინდათ დაგვაძალოთ თქვენი რელიგია.

ძმებო, გვისმინეთ. თქვენ ამბობთ, რომ გვასწავლით, როგორ ვილოცოთ, რომ უზენაესმა სულმა შეისმინოს. და თუ არ შევისმენთ იმას, რასაც თქვენ, თეთრი ხალხი გვასწავლით, მარად უბედურები ვიქნებით. თქვენ ამბობთ, რომ თქვენ მართალნი ხართ, ჩვენ კი – დაკარგულები. როგორ ვირწმუნოთ. რომ ეს სწორია? გასაგებია, რომ ეს თქვენს წიგნში წერია.  მაგრამ თუკი ის ჩვენთვის არის, რად არ მოგვცა ის ჩვენმა უზენაესმა სულმა, რად არ მისცა ის ჩვენს წინაპრებს, რომ სწორედ გაგვეგო ის. ჩვენ მხოლოდ ის გვესმის, რასაც თქვენ ამბობთ. როგორ მივხვდეთ, როდის დაგიჯეროთ, თუ მრავალჯერ მოგვატყუეთ?

ძმებო, თქვენ ამბობთ, რომ მხოლოდ ერთი გზაა, სწორად ილოცო და სწორად ემსახურო უზენაეს სულს. თუ მხოლოდ ერთი რელიგიაა მართალი, მაშინ თქვენ, თეთრი ხალხი რატომ კამათობთ ერთმანეთში მის შესახებ? რატომ ვერ ეთანხმებით ერთმანეთს, როგორ წაიკითხოთ სწორად ეს წიგნი?

ძმებო, ჩვენ არ გვესმის ეს. ჩვენ გვითხრეს, რომ თქვენი რელიგია მიეცა თქვენს წინაპრებს და ასე გადმოდის მამიდან შვილზე. ჩვენს წინაპრებსაც მიეცა თავის რწმენა და ის გადმოდის მამიდან შვილზე. ჩვენ ასე ვლოცულობთ. ჩვენ გვასწავლეს, რომ უნდა  ვიყოთ მადლიერები ყველაფრისთვის, გვიყვარდეს ერთმანეთი და ვიყოთ გაერთიანებულები. ჩვენ არასდროს ვკამათობთ რელიგიაზე…

ძმებო, ჩვენ არ გვსურს, გავანდგუროთ თქვენი რელიგია ან წაგართვათ ის. ჩვენ მხოლოდ გვსურს, შევინარჩუნოთ ჩვენი.“