Wings for Life World Run - საქველმოქმედო გარბენი

Wings for Life World Run – საერთაშორისო საქველმოქმედო გარბენმა სტარტი რამდენიმე წუთის წინ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთდროულად აიღო. ღონისძიებას ტრადიციულად უერთდება საქართველოც. ორგანიზებული რბენა „დინამო არენაზე“ მიმდინარეობს. მიზანი უცვლელია – ერთად ვიპოვოთ ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზები. გლობალურ გარბენში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან წელს 1202 მსურველია დარეგისტრირებული. წესების მიხედვით, მონაწილეები იქამდე დარბიან, სანამ ვირტუალური ფინიშის მანქანა არ წამოეწევათ. აპლიკაციით მორბენალთა მიერ გავლილი მანძილი გლობალურ რეიტინგში აისახება. Wings for Life World Run-ის ისტორია 2014 წლიდან იწყება და დაარსებიდან დღემდე ორ მილიონამდე მონაწილეს აერთიანებს. შეგროვებული თანხის საერთო რაოდენობა ამ დროისათვის 60 მილიონ ევროზე მეტია, რომლითაც 324 კვლევა დაფინანსდა.