წინასასამართლო სხდომა ოთარ ფარცხალაძისა და მიხეილ ჩოხელის ბრალდების საქმეზე

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, მიხეილ ჩოხელის ბრალდების საქმეზე, წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

სხდომაზე იმსჯელეს მტკიცებულებათა დასაშვებობების საკითხზე. სხდომის დასრულების შემდეგ, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ ბრალს არ აღიარებს და კლუბ „ელცენტროში“ მომხდარი თავად გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას მიერ პროვოცირებული იყო. „არ ვაღიარებთ ბრალს, ნასვამი თორდიის მხრიდან იყო პროვოკაცია“, – განაცხადა ოთარ ფარცხალაძემ. რაც შეეხება სასამართლო სხდომას, ბრალდების მხარემ წარადგინა ის მტკიცებულებები, რომელიც მათი განცხადებით, ადასტურებს ჩოხელისა და ფარცხალაძის ბრალეულობას, დაცვის მხარემ კი ამ მტკიცებულებათა ნაწილი ​სადაოდ მიიჩნია, თუმცა მოსამართლემ მიიჩნია, რომ არ არსებობს სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის საფუძველი და შესაბამისად, საქმის განხილვა არსებით განხილვას გადასცა, რომელიც 7 თებერვალს გაიმართება.