წიგნის საახალწლო ფესტივალი თბილისში

დღეიდან 18 დეკემბრის ჩათვლით, „ექსპო ჯორჯიას“ მეოთხე და მეხუთე პავილიონებში წიგნის საახალწლო ფესტივალი იმართება.

ფესტივალში საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაცია მონაწილეობს. ფესტივალის სტუმრებს ისინი ფასდაკლებებს სთავაზობენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის ხელმისაწვდომობას. წიგნის საახალწლო ფესტივალი მოიცავს როგორც წიგნების გამოფენა-გაყიდვას, ასევე საბავშვო ღონისძიებებს ფესტივალის მთავარ სცენაზე და საბავშვო სივრცეში, ახალი გამოცემების წარდგენას, შეხვედრებს ავტორებთან, საახალწლო ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების გამოფენა-გაყიდვასა და სხვადასხვა სახის გასართობ აქტივობას. ფესტივალი თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.