შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილის ახალი ორენოვანი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, სახელწოდებით – „ანტიკური და შუა საუკუნეების ქართული თეატრი“. გამოცემაში თავმოყრილია ანტიკური და შუა საუკუნეების პერიოდის ქართული თეატრის ისტორია და არტეფაქტები. დამხმარე სახელმძღვანელოში მოთხრობილია ანტიკური და შუა საუკუნეების ქართული პროფესიული თეატრის ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპები, თამაშის ხელოვნების პროფესიული დასაბამი, ასევე განხილულია უცხოური წყაროები ქართული საშემსრულებლო ხელოვნების შესახებ, გლოვის მგოსნობა და სათეატრო ასპარეზობები, სანახაობის კვალი ქართულ წერილობით მემკვიდრეობაში. ცალკე ცალკე თავი ეთმობა ასევე ძველ ქართულ თეატრალურ ტერმინოლოგიასაც.