,,წიგნების თაროს" XIII სასკოლო სეზონის რეიტინგი - 15 საუკეთესო სკოლა!

ცამეტი სასკოლო სეზონის შემდეგ „წიგნების თაროს“ ოჯახში მრავალი გამორჩეული სკოლა გაწევრიანდა. ზოგიერთმა საკუთარი თამაშით სამუდამოდ დაიმკვიდრა თავი „წიგნების თაროს“ წარმატებულ სკოლებს შორის. გადავწყვიტეთ, რომ მიღწეული შედეგებით გამორჩეულ 15 სკოლაზე გიამბოთ.

 

ქულათა მინიჭების სისტემა: მერვედფინალი – 1 ქულა, მეოთხედფინალი – 2 ქულა, ნახევარფინალი – 3 ქულა, ფინალი – 4 ქულა, ჩემპიონობა – 6 ქულა.

მაშ ასე, „წიგნების თაროს“ მონაწილე სკოლების რეიტინგი 13 სასკოლო სეზონის შემდეგ:

 

14-15. თბილისის რობერ შუმანის ევროპული სასწავლებელი (7 ქულა, 7 გამარჯვება)

გახსოვთ ენერგიული და აქტიური გოგონები: ნეკა, ნატალი და ტასო? მათ სადებიუტო სეზონშივე მოახერხეს და მიაღწიეს ნახევარფინალს, მომდევნო სეზონში კი ფინალშიც გავიდნენ, რომელშიც სამწუხაროდ დამარცხდნენ. ამისდა მიუხედავად, მათ საკუთარი თამაშითა და მიღწეული შედეგით სამუდამოდ ჩაწერეს რობერ შუმანის ევროპული სასწავლებელი „წიგნების თაროს“ საუკეთესო სკოლათა შორის.

 

14-15. სამტრედიის მე-2 საჯარო სკოლა (7 ქულა, 6 გამარჯვება, 1 ჩემპიონობა)

იმერეთის სკოლები „წიგნების თაროში“ მუდამ წარმატებით ასპარეზობდნენ. სამტრედიის მე-2 საჯარო სკოლა კი ამის ნათელი მაგალითია. საბამ, თემომ და თამთამ პირველივე სეზონში შეაყვარეს მაყურებელს თავი, თუმცა მხოლოდ მერვედფინალში გასვლა შეძლეს. შემდგომ მათ კიდევ სცადეს ბედი და მეათე სასკოლო სეზონი ტრიუმფალური გამარჯვებით დაასრულეს.

 

10-13. ჩაქვის პირველი საჯარო სკოლა (8 ქულა, 8 გამარჯვება)

კიდევ ერთი სკოლა, რომელიც მაყურებელს კარგად ახსოვს. ჩაქვი რამდენიმე სეზონი აქტიურად მონაწილეობდა „წიგნების თაროში“. ამ დროის განმავლობაში მოთამაშეებმა ერთხელ – მეოთხედფინალს, ხოლო ორჯერ – ნახევარფინალს მიაღწიეს, რითაც რვა ქულა მოაგროვეს.

 

10-13. ბათუმის სკოლა ევრო–2000 (8 ქულა, 8 გამარჯვება)

სიას ბათუმის სკოლა ევრო-2000 აგრძელებს, რომელიც რვა ქულით გამორჩეულ სკოლათა ჩამონათვალში მოხვდა. მრავალი სეზონის განმავლობაში მას ძლიერი გუნდი, მათ შორის პირველი სეზონის ფინალისტიც, ჰყავდა. ამიტომ, სულაც არაა გასაკვირი, რომ ევრო-2000, სიაში მყოფთაგან ბათუმის ერთადერთი სკოლაა, რომელიც საუკეთესოებს შორის მოიაზრება.

 

10-13. თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა (8 ქულა, 8 გამარჯვება)

რა შეიძლება ითქვას პირველ ექსპერიმენტულ სკოლაზე? თაროელები ამ სკოლას ხშირად „წიგნების თაროს იუვენტუსად“ მოიხსენიებენ. მართლაც, ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშის, თორნიკე კობალაძის, ლიდერობის ქვეშ მყოფი გუნდი ორჯერ დამარცხდა ფინალში.

 

10-13. რუსთავის მე-11 საჯარო სკოლა (8 ქულა, 7 გამარჯვება, 1 ჩემპიონობა)

დავჯე რუსთველმან მოვიგე, წიგნების თარო მზიანი – ასე იტყოდნენ ჩვენი VI სეზონის გამარჯვებულები ნინი, ნატალი და მარიამი. მათი „წიგნების თაროში“ მოღვაწეობა კი ტიტულთან ერთად მეოთხედფინალსაც მოიცავს.

 

8-9. თბილისის 39-ე საჯარო სკოლა (9 ქულა, 8 გამარჯვება, 1 ჩემპიონობა)

39-ე საჯარო სკოლა უეცრად შემოიჭრა “წიგნების თაროში” და პირველივე სეზონში ნახევარფინალს მიაღწია. შემდეგი სეზონი გუნდმა უკვე ფავორიტის სტატუსით დაიწყო და საქმეც ბოლომდე მიიყვანა. 2 სეზონში დაგროვებული 9 ქულა ურიგო საქმე როდია. აფერუმ გოგონებს!

 

8-9. თბილისის 117-ე საჯარო სკოლა (9 ქულა, 8 გამარჯვება, 1 ჩემპიონობა)

იმავეს თქმა შეიძლება 117-ე საჯარო სკოლაზეც, თუმცა 9 ქულის დაგროვება მათ 3 სეზონის ჯამში მოახერხეს. მესამე და სამართალიო და გუნდმა მე-12 სასკოლო სეზონი არავის დაუთმო. დამატებითი აღნიშვნის ღირსია 117-ეს ხალისიანი სათამაშო სტილი, რის გამოც არაერთი გულშემატკივარი შეიძინეს.

 

6-7. თბილისის 50-ე საჯარო სკოლა (10 ქულა, 10 გამარჯვება)

თბილისის 50-ე საჯარო სკოლას განსაკუთრებული ადგილი უკავია წიგნების თაროს ისტორიაში. სტაბლიურად ძლიერი გუნდების მიუხედავად, სკოლას არასოდეს მოუგია კემბრიჯის საგზური, მაგრამ მისი სახელით უასპარეზიათ სტუდენტური სეზონის გამარჯვებულებს – ლაშა საცერაძესა და ლუკა ლომსაძეს.

 

6-7. ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლა (10 ქულა, 10 გამარჯვება)

“წიგნების თაროს” კონტექსტში ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლას თამამად შეგვიძლია სამეგრელოს სიამაყე ვუწოდოთ. შოუს სათავეებიდან მოყოლებული ამ სკოლის გუნდები ტრადიციულად კარგად ასპარეზობენ ხოლმე სასკოლო სეზონებში, თუმცა ბოლო წლებში სკოლამ კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწია და მე-11 სეზონის ნახევარფინალის შემდეგ, მე-13 სეზონში სულ ცოტა დააკლდა სანუკვარი ჩემპიონობის მოსაპოვებლად.

 

5. თბილისის №52 საჯარო სკოლა (16 ქულა, 15 გამარჯვება, 1 ჩემპიონობა)

ხუთეულს ამაყად ხსნის კიდევ ერთი ჩემპიონი, თბილისის 52-ე საჯარო სკოლა. მის ანგარიშზე ორი მეოთხედფინალი, ორი ნახევარფინალი და აკაკის, მარიამის და კესოს მიერ IX სეზონის ტრიუმფალური მოგებაა, რაც ჯამში 16 ქულის ტოლფასია. ამას გარდა, ამ სკოლის ერთ-ერთი მოთამაშის და თამაშის ექსპერტის, ლევან თეთრაულის, ანგარიშზე სტუდენტური სეზონის ჩემპიონობაც მოდის.

 

3-4. თბილისის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა (19 ქულა, 19 გამარჯვება)

“წიგნების თაროს” უტიტულო ჩემპიონი. სკოლის დებიუტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ნახევარფინალში გასვლა შეძლო. ამის შემდეგ კი იყო ნაკლებ გამორჩეული სეზონებიც და 3 წაგებული ფინალიც, რომელთაგან ერთ-ერთში სამტრედიის გუნდთან ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოთამაშეები მხოლოდ დამატებითი კითხვით დამარცხდნენ. დღეისათვის ამ ყველაზე დრამატული გუნდის ანგარიშზე 19 ქულაა და დამსახურებულად იკავებს ადგილს საუკეთესო ოთხეულში.

 

3-4. ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 41-ე საჯარო სკოლა (19 ქულა, 15 გამარჯვება, 2 ჩემპიონობა)

დადგა იმ სკოლის ჯერიც, რომელმაც დასავლეთ საქართველოს, კერძოდ კი იმერეთს „წიგნების თაროს“ პირველი ტიტული მოუტანა. ეს იყო მე-2 სეზონში. მას შემდეგ მრავალმა წყალმა განვლო და აი, “წიგნების თაროს” მე-13 სეზონში ქუთაისმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა. შედეგად დასავლეთის ყველაზე ძლიერი გუნდის ანგარიშზე 2 ჩემპიონობაა და ვინ იცის რაზმაძის სკოლა მომავალ სეზონებში ამ ციფრზე არც გაჩერდეს.

 

2. თბილისის ვლადიმერ კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა (35 ქულა, 32 გამარჯვება, 3 ჩემპიონობა)

“წიგნების თაროს” ყველაზე ტიტულოვანი გუნდი მართალია ჩვენს სიაში მე-2 ადგილს იკავებს, მაგრამ არაერთი გულშემატკივრის აზრით, თამაშში ყველა დროის საუკეთესოა. 3 ჩემპიონობა და სტაბილურად ფავორიტის სტატუსი კომაროვის სკოლის ტრადიციული ძლიერი და შემტევი თამაშის დამსახურებაა. მართალია მე-8 სეზონის შემდეგ სკოლა ძველ წარმატებას ვეღარ აღწევს, მაგრამ კომაროვი მადრიდის რეალივითაა, როცა არ ელი, მაშინაც შეიძლება გაჩემპიონდეს.

 

1. თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლა (41 ქულა, 39 გამარჯვება, 2 ჩემპიონობა)

ნიშანდობლივია, რომ ჩვენი სიის პირველ ადგილს შოუს ისტორიულად პირველი ჩემპიონი იკავებს. ვეკუას სკოლის სტაბილურად მაღალი შედეგი დაუძლეველი თამასაა ნებისმიერი სხვა სკოლისთვის. 2 ჩემპიონობა, 3 წაგებული ფინალი და ვინ მოსთვლის რამდენი ნახევარფინალში დასრულებული სეზონი. ამას დავუმატოთ ვეკუელთა წარმატება სტუდენტურ სეზონებში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვეკუა დამსახურებული პირველადგილოსანია. რა გვეთქმის, ბრავო!

 

აი, ასე გამოიყურება “წიგნების თაროს” სტატისტიკით საუკეთესო 15 სკოლა. ჩვენ გირჩევთ, არც თქვენ დანებდეთ და აუცილებლად სცადოთ პროექტში მონაწილეობა, რომლის მე-14 სეზონისთვის რეგისტრაცია 28 მაისის ჩათვლით გრძელდება. იქნებ ამ სიაში შემდეგი შენი სკოლაა?

 

წიგნების თარო