წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა

2008 წლის აგვისტოს ომსა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას, წეროვანის ახალ სარეაბილიტაციო ცენტრში გაივლიან. მისი მშენებლობა სამ თვეში უნდა დასრულდეს. პროექტის მიმდინარეობას დღეს ადგილზე  საქართველოს თავდაცვის მინისტრი და აშშ-ს ელჩის მოვალეობის  შემსრულებელი გაეცნენ.  სარეაბილიტაციო ცენტრი  დასავლური სტანდარტების, უახლესი ტექნოლოგიებით უნდა აღიჭურვოს.

შენობაში იგეგმება სამკურნალო-სარეაბილიტაციო აუზისა და ადაპტირებული სპორტული და სარეაბილიტაციო ინვენტარის განთავსება, ასევე უნდა მოეწყოს მოედანი მჯდომარე ფრენბურთისა და კალათბურთისთვის. წეროვანის ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა შეერთებული შტატების მხარდაჭერით ხორციელდება. სარეაბილიტაციო ცენტრში ლევან იზორია და ელიზაბეთ რუდი დღეს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ დაჭრილ სამხედრო  მოსამსახურეს, ივერი ბუაძეს შეხვდნენ.