ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მიერ გამოგზავნილი წერილი ისევ პოლიტიკური განხილვის თემაა. დოკუმენტში გაწერილია პირობები, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციის შესახებ შესაძლოა გადაიხედოს. ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ არსებულ რეკომენდაციებს არ შეასრულებს, ევროკავშირს მოუწევს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რაც ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება.
მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ არსებული დათქმებით ევროკავშირი ქართველ ხალხს აშანტაჟებს, რაც მიუღებელია. ევროკომისიის მოთხოვნებს შორის არის ევროკავშირის სტანდარტებთან შეუსაბამოდ მიჩნეული ორი კანონის, მათ შორის ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმება და ანტიკორუფციული ბიუროს კანონში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება. პირობების შესრულების ვადად აგვისტოს ბოლოა მითითებული.