წალენჯიხის მერის გადაწყვეტილება

წალენჯიხის ოპოზიციონერი მერის, გია ხარჩილავას მიერ მუნიციპალიტეტის აიპებში დაანონსებული რეფორმა ამ დრომდე კრიტიკისა და პოლიტიკური ბრალდებების საფუძველია. „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ მერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საბავშო ბაღებიდან თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს.

მმართველი გუნდის ბრალდებებს წალენჯიხის მერი უსაფუძვლოს უწოდებს. გია ხარჩილავას მტკიცებით, საკითხის შესწავლის შემდეგ, პარტიული ნეპოტიზმის ხარჯზე, საბავშვო ბაღებში სტანდარტების დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. რის გამოც ოპოზიციონერი მერი საბავშვო ბაღებსა და სკოლამდელი აღზრდის ცენტრებში ადამიანური რესურსის ოპტიმიზაციას და 35 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. ამ დროისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 35 საბავშვო ბაღში 491 ბავშვი და 368 თანამშრომელია. რეფორმის შედეგად კი, საბავშვო ბაღებში 333 თანამშრომელი დარჩება.

საბავშვო ბაღებში დაგეგმილ შემცირებებს მესამე დღეა, მწვავედ აპროტესტებს პერსონალი და წალენჯის მერიისგან სამუშაო ადგილების შენარჩუნებას ითხოვს. ამ საკითხზე საბავშვო ბაღების თანამშრომლების ნაწილი წალენჯიხის ვიცემერს შეხვდა. როგორც საბავშვო ბაღებში დასაქმებული პერსონალი აცხადებს, დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და მათი ბედი კვლავ გაურკვეველია, რის გამოც ისინი აქციებს აანონსებენ.