ვნების კვირა ახლოვდება
ვნების კვირა ახლოვდება. დიდი მარხვის ბოლო ექვსი დღე იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას ეძღვნება. ქრისტიანები ამ პერიოდს მარხვასა და ლოცვაში ატარებენ. ეს გლოვის დღეებია და ღვთისმსახურებაც ტაძარში სამგლოვიარო, შავი სამოსით მიმდინარეობს. მოვლენების უდიდესი მნიშვნელობის გამო, ვნების კვირის ყოველ დღეს დიდი ეწოდება. ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი იესო ქრისტეს მოწაფეებსა და ხალხთან უკანასკნელი საუბრების გახსენებას ეძღვნება. დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე კი იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთა დაბანას, საიდუმლო სერობას, გეთსიმანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვასა და იუდას მიერ მის გაცემას ვიხსენებთ.
დიდი პარასკევის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას მიეძღვნება. დიდი შაბათი კი ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას უკავშირდება.