ვიზიტორთა გაზრდილი რაოდენობა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან ერთად, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ტურისტულად აქტიური სეზონის შედეგებს გაეცნო და ადმინისტრაციის ახალ წარმომადგენელებსა და თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ვიზიტორთა მაღალ დინამიკაზე და აღინიშნა, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა 10%-ანი ზრდა ფიქსირდება. ასევე, გამოიკვეთა ბოტანიკური ბაღის პოტენციალი, უმასპინძლოს მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმებსა და სამეცნიერო კონფერენციებს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ინფრასტრუქტურის განახლების აუცილებლობასაც, ზურაბ პატარაძის განცხადებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა ეტაპობრივად მოხდება. ასევე, ბაღში იგეგმება ახალი ტურისტული სამარშრუტო გზის მოწყობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ალპური ბოტანიკური ბაღის განვითარების პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ ბაღის გაძლიერება პირდაპირ უკავშირდება მაღალმთიანი აჭარის ეკონომიკურ გაძლიერებასა და ტურისტული სეზონის გახანგრძლივებას.