ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის რეფორმა - მაკა ბოჭორიშვილის გამოხმაურება

ევროპარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის რეფორმა, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესს გაამარტივებს, 518 ხმით მიიღო. რეფორმის წინააღმდეგი 96 დეპუტატი იყო, 24-მა ევროპარლამენტარმა კი – თავი შეიკავა. 6 ოქტომბერს რეფორმის განხილვისას მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა, მატიაზ ნემეცმა განაცხადა, რომ ამჟამად ევროკავშირის უვიზო რეჟიმი ვრცელდება მსოფლიოს 61 ქვეყანაზე, აქამდე უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება კი – შესაძლებელი იყო მხოლოდ შეზღუდული მიზეზებით, ძირითადად, მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარის განმარტებით, რეფორმის შემდეგ, ევროკავშირს შეეძლება, უვიზო რეჟიმი შეაჩეროს, თუ ქვეყანა დაარღვევს ადამიანის უფლებებს ან საერთაშორისო სამართალს. 17 ნოემბერს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ევროპის კავშირის საბჭოს ფარგლებში, ახალ წესებს ფორმალურად უყრიან კენჭს, გამარტივებული მექანიზმის ძალაში შესვლა კი – სავარაუდოდ, დეკემბრის თვიდან მოხდება.

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის საკითხზე, კომენტარი ჰკითხეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, თუკი საქართველოს მიმართ იქნება სამართლიანი მიდგომა, უვიზო მიმოსვლას არაფერი დაემუქრება.