ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების ანგარიში

ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს შესახებაც არის საუბარი. ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ „საერთო ჯამში საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები ევროკომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად, თუმცა მეტი ძალისხმევაა საჭირო“.

კერძოდ, ევროკომისია საქართველოს მთავრობას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს. მათ შორის საუბარია იმაზე, რომ საქართველოს სავიზო პოლიტიკა შეესაბამებოდეს ევროკავშირის მიდგომას იმ ქვეყნების მოქალაქეთა მიმართ, რომლებსაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ. საქართველომ გადადგას ნაბიჯები, რათა მოაგვაროს თავშესაფრის მოთხოვნის დაუსაბუთებელი განცხადებისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად დარჩენის პრობლემა. საქართველო ჩაერთოს „კრიმინალური საფრთხეების საწინააღმდეგო ევროპული მულტიდისციპლინური პლატფორმის“ ოპერაციულ სამოქმედო გეგმაში, რომელიც მიგრანტების უკანონო გადაყვანას ეხება. მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოს ადეკვატური რესურსები მათი იმპლემენტაციისთვის. ევროკომისიაში ასევე აცხადებენ, რომ წინა ანგარიშში კომისიამ საქართველოს მიმართა რეკომენდაციით, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა სრულ შესაბამისობაში იყოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან და ასევე, მიღებული იყოს კანონმდებლობა, რომლითაც შეფასდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კეთილსინდისიერება და ეფექტურობა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ჯერ სრულად არ მოუხდენია ვენეციის კომისიის ამ რეკომენდაციების იმპლემენტაცია.

ევროკომისიის ანგარიშს ეხმაურებიან ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.