ევროკომისიის მიერ დადგენილი ვადა ამოიწურა: ემუქრება თუ არა ვიზალიბერალიზაციას გადახედვა, – ოფიციალური თბილისი ბრიუსელიდან სამართლიან შეფასებებს და გადაწყვეტილებას ელოდება. მმართველი გუნდის ყველა არგუმენტი ახლა ერთადაა თავმოყრილი იმ ანგარიშში, რომელიც ევროკომისიას თბილისიდან უკვე გაეგზავნა. ხელისუფლების პოზიციაა, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების ობიექტური საფუძვლები და გარემოებები არ არსებობს. საპირისპიროს ამტკიცებენ ოპონენტი ძალები, რომლებიც მმართველ გუნდს ჯერ კიდევ ივლისში, ბრიუსელიდან მოთხოვნილი რვა რეკომენდაციის შეუსრულებლობაზე მიუთითებენ. მათ შორის იყო ბოლო წლებში მიღებული ორი რეზონანსული კანონის – „ოჯახური ღირებულებების“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონების გაუქმება. ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის გადახედვას ევროკავშირის წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. საქართველო-ევროკავშირს შორის გაუარესებული ურთიერთობის და დიალოგის ყველაზე დონეზე შეჩერების ფონზე, იქცევა თუ არა ორი თვის წინ მიღებული გაფრთხილება რეალობად: ბრიუსელი ხელისუფლების საპასუხო ანგარიშს ეცნობა, რის შემდეგაც ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.