რა გადაწყვეტილებას უნდა ელოდოს ოფიციალური თბილისი ბრიუსელისგან – საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ისევ პოლიტიკური დღის წესრიგის თემა ხდება.
პოლიტიკურ წრეებში საკითხის გააქტიურება ამჯერად რიკარდ იოზვიაკის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია. რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი გამოცემის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ საავტორო ბიულეტენში წერს, რომ ევროკომისია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების საკითხზე მუშაობს. ჟურნალისტის ინფორმაციით, ბრიუსელი განხილვას შემოდგომაზე მიუბრუნდება და უკვე არსებობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობაც, რაც საკითხის გადაწყვეტას სჭირდება. ევროკომისიამ წერილი ოფიციალურ თბილისს რამდენიმე კვირის წინ გამოუგზავნა და მოუწოდა გააუქმოს უცხოური გავლენისა გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონები.
როგორ ასრულებს თბილისი ევროკომისიის დავალებას – ამ კითხვით დღეს ხელისუფლებას ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიმართეს და მმართველი გუნდი მწვავედ გააკრიტიკეს. ოპოზიციისგან განსხვავებით, მმართველი პარტია უვიზოს შეჩერების ობიექტურ მიზეზებს ვერ ხედავს, ბრიუსელის ბოლოდროინდელ რიტორიკას კი მოსახლეობის შანტაჟის და მოახლოებულ არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობად განიხილავს.