ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძირითადად დაცულია. ღამის განმავლობაში სერიოზული ინციდენტები არ მომხდარა. თუმცა, ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახური აცხადებს, რომ გამთენიისას ერთ-ერთი სოფლის მისამართით ტაჯიკეთის მხრიდან ცეცხლი გახსნეს, რასაც ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე ვითარება პარასკევს დილიდან დაიძაბა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ყირგიზეთი 24 გარდაცვლილისა და ათობით დაშავებულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, ტაჯიკეთის ხელისუფლება კი მსხვერპლის რაოდენობას არ ასახელებს. თუმცა, როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, მოკლულია სულ მცირე შვიდი ადამიანი.
ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტში განაცხადეს, რომ ტაჯიკეთმა ყირგიზეთის ტერიტორიის დაკავება სცადა. ტაჯიკეთის სასაზღვრო სამსახურის ცნობით კი, ყირგიზეთმა რამდენიმე სოფელი ვერტმფრენებისა და დრონების გამოყენებით დაბომბა. ორი ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელები მოლაპარაკებებს ამ დრომდე აგრძელებენ.