ვითარება ყაზახეთში - პრეზიდენტის მიმართვა

ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მოქმედი პრეზიდენტი შეცვლის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ცოტა ხნის წინ ტელემიმართვისას განაცხადა.

უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა ნურსულთან ნაზარბაევის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა იყო, რომელიც მან 2019 წელს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შემდეგ შეინარჩუნა. ის ასევე იკავებს მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას და აქვს „ერის მამის“ საპატიო ტიტული.

ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთის პრეზიდენტის თანამდებობას 30 წლის განმავლობაში იკავებდა. ასევე 1984 წლიდან ქვეყნის სათავეში საბჭოთა კავშირის მმართველობის დროს იყო. პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ტელემიმართვისას განაცხადა, რომ „რაც არ უნდა მოხდეს“ ყაზახეთის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ის დემონსტრანტებს შეთავაზებების ახალ პაკეტს წარუდგენს. ამასთან, პრეზიდენტის ინფორმაციით, არეულობის დროს ქვეყანაში მოკლული არიან სამართალდამცველები. როგორც თოყაევმა აღნიშნა, ხელისუფლება სამართალდამრღვევების წინააღმდეგ მაქსიმალურად მკაცრად იმოქმედებს.