ვითარება ყაზახეთში

მედიის ცნობით, დილიდან კვლავ სროლის ხმა ისმოდა ყაზახეთის ქალაქ ალმათიში. ინფორმაციას ადგილზე მყოფი ჟურნალისტები ავრცელებენ.  ყაზახეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის ყველა რაიონში აღდგენილია კონსტიტუციური წესრიგი, თუმცა „ანტიტერორისტული ოპერაცია“ გრძელდება. როგორც ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ გვერდზეა ნათქვამი, ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს. „კონტრტერორისტული ოპერაცია უნდა გაგრძელდეს მებრძოლების სრულ ლიკვიდაციამდე“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კონტრტერორისტული შტაბის სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ყაზახეთში ჩადიან კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის ძალები, რომლებიც წესრიგის დამყარებაში დახმარებას უწევენ ყაზახეთის მთავრობას. ამასთან, ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ „ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად მოკლულია 26 ადამიანი, დაშავდა 18, დაკავებულია 3 000 მეტი მოქალაქე“. ყაზახეთში საპროტესტო აქციები გათხევადებული ბუნებრივი აირის გაძვირების გამო 2 იანვარს დაიწყო. მოგვიანებით, დემონსტრანტებმა მთავრობის გადადგომა და პარლამენტის დაშლა მოითხოვეს. მომიტინგეებმა რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ალმათიში დაიკავეს სამთავრობო შენობები. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ქვეყანაში მოქმედებენ ტერორისტები.