ვითარება ყარაბახში

ვითარება კვლავ მწვავეა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. სომხეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქ ჰადრუტის ასაღებად აზერბაიჯანის არმია ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას ატარებს. ერევანში ამბობენ, რომ მოწინააღმდეგეს ქალაქის მიმართულებაზე დიდი ძალები ჰყავს მობილიზებული. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჰადრუტთან აზერბაიჯანის დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის ბლოკირებისა და განადგურების ოპერაცია მიმდინარეობს.

სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, ღამის ბრძოლების შედეგად, აზერბაიჯანის არმიას ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის დიდი დანაკარგები აქვს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, სომხეთის არმია აღდამის რეგიონს ბომბავს. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ამჟამად თავდასხმა აღდერე-აღდამისა და ფიზული-ჯებრაილის მიმართულებაზე ხორციელდება.

ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, სომხეთის არმიამ დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა, სამი ერთეული ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, ასევე ერთი ერთეული „ტე-72“ ტიპის ტანკი და რამდენიმე სამხედრო ავტომანქანა დაკარგა. აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთს ჰუმანიტარული ზავის დარღვევაში ადანაშაულებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი, ჰიკმეთ ჰაჯიევი აცხადებს, რომ სომხეთის მიერ დაბომბილ განჯაში და მინგეჩაურში დიპლომატებთან და სამხედრო ატაშეებთან ერთად მიემგზავრება.