ვითარება უკრაინაში - უკრაინის მასშტაბით საომარი მოქმედებები გრძელდება

უკრაინის მასშტაბით საომარი მოქმედებები გრძელდება. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეტევის ტემპი შეამცირეს და მტრის სპეცოპერაციები ჩაშლილია. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს. მათი თქმით, ოკუპანტები ცდილობენ გარკვეული რეგიონების დაკავებას.

საჰაერო შეტევის დროს მტერი ისევ ცეცხლს უხსნის სამხედრო და სამოქალაქო აეროდრომებს, სამხედრო პუნქტებს, საჰაერო თავდაცვის ობიექტებს, კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურასა და სხვადასხვა დასახლებებს. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევით, ოკუპანტებმა განახორციელეს სარაკეტო დარტყმა საცხოვრებელ კორპუსებზე ქალაქ ჟიტომირსა და ჩერნიგოვში.

დღეის მდგომარეობით, მხოლოდ ერთი უკრაინული ბრიგადის საარტილერიო ცეცხლმა გაანადგურა მტრის ტექნიკის ხუთზე მეტი კოლონა და მტრის ცოცხალი ძალა. რაც შეეხება რუსული საოკუპაციო ძალების ადამიანურ დანაკარგებს, ის რამდენიმე ათასს აღწევს. ეს არის უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადება.