ვითარება უკრაინაში - რუსული არმია კიევის თავდაცვის ხაზის გარღვევას ცდილობდა

 უკრაინის დედაქალაქში სასურსათო მაღაზიები და ტრანსპორტი ამუშავდება, მათ შორის მეტრო, რომელიც გარკვეული შეზღუდვებით იმუშავებს. მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ პროდუქტები მოიმარაგოს. ამის პარალელურად, დედაქალაქის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, არ გავიდნენ ქუჩებში. ღამემ შედარებით მშვიდად ჩაიარა. იყო რამდენიმე შეტაკება დივერსიულ ჯგუფებთან.

რუსული არმია ისევ ცდილობდა კიევის თავდაცვის ხაზის გარღვევას, თუმცა უშედეგოდ. მცდელობა იყო, შტურმი მიეტანათ ქალაქის შემოგარენზე. პარალელურად, ხარკოვში აფეთქებების ხმა ისმოდა, ქალაქის თავზე ავიაგამანადგურებლები დაფრინავდნენ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დარტყმები ხორციელდებოდა აეროპორტზე.

ჩერნიგოვში ადგილობრივი დროით ღამის 02:45 საათზე რუსეთის ძალების მიერ გასროლილი რაკეტა ქალაქის ცენტრში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. შემთხვევის შედეგად შენობას ცეცხლი გაუჩნდა. დაშავებულია ერთი ქალი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ ოკუპირებული ყირიმიდან ოდესის მიმართულებით 11 სადესანტო გემი მიემართება. მან ასევე დაადასტურა, რომ საოკუპაციო ძალებმა დაიკავეს ქალაქი ბერდიანსკი, რადგან მისი თქმით, იქ არ იყო განლაგებული უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფები.