ვითარება ტყიბულის რაიონში, სტიქიის ზონაში
ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში მეწყრული კერები კვლავ აქტიურია – სპეციალისტების შეფასებით, ზარალი სულ უფრო იზრდება და იმატებს დაზიანებული სახლების რაოდენობა. სტიქიის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაინგრა. მეწყერსაშიში ზონაა სოფელ კურსების ორი უბანი, საიდანაც ყველა მოსახლე, 45 ოჯახი გაიყვანეს.
მიწის მასით ახლა 58 ჰექტარი ტერიტორიაა დაფარული. დაზარალებულები ახლა სასტუმროებში არიან განაწილებულები. რამდენი ოჯახი შეძლებს საკუთარ სახლში დაბრუნებას, ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც გეოლოგების საბოლოო დასკვნა მომზადდება.
შეგახსენებთ, სოფელ კურსებში მეწყრული პროცესები გუშინ გამთენიისას პირველად გააქტიურდა, თუმცა რისკების გამო, წლების წინ დასახლებიდან რამდენიმე ოჯახი გაიყვანეს.