ვითარება თურქეთ-სირიის საზღვარზე

„მოამბის“ პირველი კადრები თურქეთის საზღვრისპირა ქალაქიდან, რომელიც ანკარის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მეორე დღეს დაიბომბა.

ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა კონფლიქტის ზონაში დანგრეული სახლები გადაიღო და ის ადამიანები ჩაწერა, რომლებიც თავდასხმის დროს დაშავდნენ. დაზარალებულები 10 ოქტომბრის ღამეს იხსენებენ და ჰყვებიან, რომ ნაღმმტყორცნებიდან მათი დასახლების მიმართულებით ქურთულმა სამხედრო შენაერთებმა ისროლეს. საფრთხეების მიუხედავად, ადგილობრივები თურქეთის პირველი პირის გეგმას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთის ქურთული შენაერთებისგან გაწმენდას ითხოვენ. საქართველოდან სულ რაღაც 500 კილომეტრში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის გამო უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს თურქეთ-სირიის საზღვარზე, რომლის გადაღება „მოამბემ“ მაინც მოახერხა. თურქეთის საზღვრისპირა ქალაქ აქჩაყალეში, სადაც ჩვენი გადამღები ჯგუფი მუშაობს, ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა.

ლიკა ალელიშვილი, გიორგი კიკვაძე და ირაკლი გედენიძე იმყოფებიან თურქეთ-სირიის საზღვარზე. ლიკა ალელიშვილი განაგრძობს საუბარს.