ვითარება სტიქიის ზონაში
მიწის მასით დაფარული 58 ჰექტარი ტერიტორია და სოფლიდან გაყვანილი 45 ოჯახი – გეოლოგების წინასწარი დასკვნით, ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში ძველი მეწყრული უბნების გააქტიურება მოხდა, რასაც მეწყერის ჩამოწოლა მოჰყვა. ტერიტორიაზე საფრთხეები ისევ არსებობს, რადგან, სპეციალისტების შეფასებით, მეწყრული კერები კვლავ აქტიურია. შესაბამისად, ზარალი სულ უფრო იზრდება და იმატებს დაზიანებული სახლების რაოდენობა. სტიქიის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაინგრა. მეწყერსაშიში ზონაა სოფელ კურსების ორი უბანი, საიდანაც ყველა მოსახლე გაიყვანეს – გეოლოგების საბოლოო დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენი ოჯახი შეძლებს სოფელში დაბრუნებას. მანამდე დაზარალებულები სასტუმროებში არიან განაწილებული. კურსებში მეწყრული პროცესები გუშინ გამთენიისას პირველად გააქტიურდა, თუმცა გეოლოგიური რისკების გამო წლების წინ დასახლებიდან რამდენიმე ოჯახი გაიყვანეს.