ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ვითარება კვლავ დაძაბულია. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, თოვუზის რაიონში აზერბაიჯანის სოფელ აგდამისა და ალიბეილის მიმართულებით, საარტილერიო ცეცხლი დილიდან ისევ გახსნეს. განცხადება ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა გააკეთა. გავრცელებული ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის  ინფორმაციით კი, გვიან ღამით, სომხურმა მხარემ მოწინააღმდეგის ტანკის გადაადგილება ცეცხლით აღკვეთა. სტეპანიანის ცნობით, ამჟამად საზღვარზე სიტუაცია შედარებით მშვიდია. ამასთან, თავდაცვის უწყების წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სომხური მხარე მალე „საინტერესო ვიდეოს“ გამოაქვეყნებს. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო.