ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის მონიტორინგის მიზნით, სომხეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შტაბის ჯგუფი ჩავიდა. ამჟამად ორი ქვეყნის საზღვართან სიტუაცია სტაბილურია. მხარეები რაიმე სახის ინციდენტებზე ამ დროისთვის ინფორმაციას არ ავრცელებენ.

ყარაბაღში დაძაბულობის შესახებ იმსჯელეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანაშემწემ მხარეებს მოუწოდა, შეასრულონ 2020 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გადადგან ნაბიჯები ორი ქვეყნის საზღვრის დემარკაციისკენ. სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მუდმივი წარმომადგენლები. მათ ვითარების დაძაბვაში კვლავ ერთმანეთი დაადანაშაულეს. ბოლო ცნობებით, 12 სექტემბერს მომხდარი შეტაკებების შედეგად, 135 სომეხი და 71 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა.