ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

საქართველოს საზღვრიდან 40 კილომეტრში სამხედრო შეტაკებები არ წყდება.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობა ომის ზღვარზეა. სასაზღვრო ზოლში დაბომბვები დღესაც გრძელდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჭურვები დასახლებული პუნქტების მიმართულებითაც ისროლეს. მწვავდება კონფლიქტის მხარეთა რიტორიკაც. დღეს აზერბაიჯანიდან სომხეთს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმითაც დაემუქრნენ. 2016 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირება რეგიონულ უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. აზერბაიჯანის სამხედრო მაღალჩინოსანი თურქეთში გაფრინდა, რომელმაც ოფიციალურ ბაქოს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ქვეყნის საზღვარზე მიმდინარე ხუთდღიანი შეტაკებების  ფონზე ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით ბელარუსში ჩავიდა. სომხური მედიის ინფორმაციით პრემიერ მინისტრი, მინსკში ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომას დაესწრება. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება სულ უფრო მეტად ექცევა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში. პროცესში აქტიურად არიან ჩართულები მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები.

მხარეებს 12 ივლისამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნებისკენ მოუწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

დატოვე კომენტარი