ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება შედარებით მშვიდია. ამას ორივე მხარე ადასტურებს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამჟამად საზღვარზე მხოლოდ ზოგადი დაძაბულობაა შენარჩუნებული. თავდაცვის უწყების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 53-ჯერ დაარღვიეს, მათ შორის მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევების გამოყენებით, რაზეც აზერბაიჯანულმა მხარემ საპასუხო ცეცხლი გახსნა.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის უწყების პრესმდივანი წერს, რომ სომხურ სოფლებთან განთავსებული სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციების მიმართულებით ცეცხლი აზერბაიჯანის დანაყოფებმა გახსნეს. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვარზე ვითარება 12 ივლისს გამწვავდა.