ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან

სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროები აცხადებენ, რომ სასაზღვრო ზონაში შედარებით სიმშვიდეა. სომხეთის თავდაცვის უწყების პრესსპიკერის განცხადებით, აზერბაიჯანის არმიამ, სხვადასხვა უბანზე დაახლოებით 70-ჯერ გაისროლა, თუმცა სომხეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფები, საზღვრის გასწვრივ ვითარებას ფხიზლად აკონტროლებენ. პარალელურად, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხეთის არმიამ სასაზღვრო ზონაში მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები და სნაიპერული შაშხანები გამოიყენა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 70-ჯერ დაარღვია. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, სამხედრო დანაყოფები ოპერატიულ ვითარებას სრულად აკონტროლებენ.