ვითარება სოფელ ზუდალთან

ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილისა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მიმოსვლა ორმხრივად არის შესაძლებელი. თუმცა ფერდობის ჩამოშლის გამო, სოფელ ზუდალთან სავალი გზა მცირედით დავიწროებულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ადგილზე არსებული კედელი გაბზარულია და სამუშაოების გამო, გზის სავალი ნაწილი პარაპეტებით ისედაც შემოსაზღვრული იყო, ჩამოწოლილი მიწის მასა კი პარაპეტებს არ გასცდენია. საავტომობილო გზების დეპარტამენტი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შემთხვევა ხიდის მშენებლობისას კლდის მოჭრამ გამოიწვია.

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუდალში მიწა ღამით ჩამოიშალა. გზის სავალ ნაწილთან ახლოს, სახიდე გადასასვლელის მოწყობის სამუშაოების ერთ-ერთი ეტაპი მიმდინარეობდა. რკინა-ბეტონის კედლის მშენებლობისას გამოფიტულმა ფერდობმა ჩამოშლა დაიწყო და სავალი გზის ნაწილი დაფარა. სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები ტერიტორიაზე შემთხვევიდან მალევე მივიდნენ და მედიასთან განმარტეს, რომ აღნიშნული პროცესი მოსალოდნელი იყო, შესაბამისად კომპანიამ ყველა შესაძლო რისკი გათვალა და უსაფრთხოების ზომებიც მიიღო. „არეა ქონქრეთ ჯგუფის” განცხადებით, ტერიტორიაზე გადაადგილება უსაფრთხოა და მსგავსი პროცესის გამეორების საფრთხე არ არსებობს.