ვითარება სირიაში

ამერიკამ სირიაში ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ 75 ობიექტზე ავიაიერიშები მიიტანა. შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობაში განმარტეს, რომ ეს ნაბიჯი საპრევენციოდ გადაიდგა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ვერ შეძლონ სირიაში შექმნილი არასტაბილური ვითარებით სარგებლობა. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ სირიის ტერიტორიაზე შევიდნენ ისრაელის სახმელეთო ჯარები. როგორც მედია იუწყება, ისრაელელმა სამხედროებმა გოლანის მაღლობებზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული სიმაღლეები დაიკავეს. ისრაელის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ გასცა ბრძანება, ისრაელსა და სირიას შორის ბუფერული ზონის დაკავებასთან დაკავშირებით, რომ ისრაელის მტრებმა საზღვრის სიახლოვეს გამაგრება ვერ შეძლონ. პარალელურად, გამომძიებელი ჟურნალისტები იუწყებიან, რომ რუსეთმა სირიის პორტ ტარტუსიდან სამხედრო გემების გაყვანა დაიწყო. სირიაში არასტაბილური ვითარება მას შემდეგ შეიქმნა, რაც სირიელმა მეამბოხეებმა

რამდენიმე დიდი ქალაქი დაიკავეს, 8 დეკემბერს კი დედაქალაქში შევიდნენ და განაცხადეს, რომ ბაშარ ასადის რეჟიმი დაამხეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავად ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში არიან, სადაც მათ თავშესაფარი მიიღეს.