ვითარება სირიაში

სირიის სამხედროებმა სუვეიდიდან გასვლა დაიწყეს, – წერს „ბიბისი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით. სამხედროები ტოვებენ ქალაქს, სირიის მთავრობასა და სუვეიდის რელიგიურ ლიდერებს შორის შეთანხმების თანახმად. სირიის ლიდერის, აჰმედ ალ-შარას თქმით, დრუზი მოქალაქეებისა და მათი უფლებების დაცვა სირიის პრიორიტეტია. მან ასევე აღნიშნა, რომ სირიელი ხალხი მზადაა, იბრძოლოს, თუ მათი ღირსება საფრთხეში აღმოჩნდება. სირიის სამთავრობო ძალები სუვეიდაში 15 ივლისს შევიდნენ, როგორც ამბობენ იმ მიზნით, რომ ადგილობრივ დრუზებსა და სუნიტ ბედუინებს შორის კონფლიქტი განემუხტათ.  მათ შორის შეტაკებები 13 ივლისს დაიწყო. მოგვიანებით კი, ისრაელმა სირიაზე იერიშები მიიტანა. ისრაელმა თავდასხმა პრეზიდენტის სასახლესა და თავდაცვის სამინისტროს შენობაზე განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალებში ასევე დაადასტურეს, რომ სირიის დედაქალაქში ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა დაბომბეს. თავდასხმას მოჰყვა მსხვერპლი.