ვითარება საოკუპაციო ზოლთან

ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება. საქართველოს მოქალაქეს სამხედრო მოსამსახურეზე თავდასხმის ბრალდებით გაასამართლებენ. ამ ინფორმაციას დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ისინი ელოდებიან ინფორმაციას, კონკრეტულად რა მუხლით აპირებს დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს მოქალაქის გასამართლებას. ზაზა გახელაძე კლინიკიდან კარანტინშია გადაყვანილი, თუმცა, ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. გატაცებულის მონახულებას ცდილობს წითელი ჯვარიც, თუმცა, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით, შეხვედრა ვერ ხერხდება.

ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა ერთი კვირის წინ გაიტაცეს. ის ფეხშია დაჭრილი. ოსური მხარის ინფორმაციით, გახელაძემ ეგრეთ წოდებული მესაზღვრეების მისამართით გაისროლა, რის შედეგადაც მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

რაც შეეხება ივლისის დასაწყისში გატაცებულ საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს, ხვიჩა მღებრიშვილს. მისი დაკავების მიზეზად დე ფაქტო მესაზღვრეები ღამურებს ასახელებენ, კერძოდ, მათი განცხადებით, საქართველოს მოქალაქემ საზღვარი ლუგარის ლაბორატორიისთვის ღამურების მოპოვების მიზნით დაარღვია. დაკავებულს დღეს ეწურება 14-დღიანი კარანტინის ვადა და ორშაბათს მისი ე. წ. სასამართლო პროცესი გაიმართება. დაკავებულს ე. წ. საზღვრის კვეთას ედავებიან.