ვითარება საოკუპაციო ზოლთან

სოფელ ჩორჩანასთან ვითარება მშვიდია. საგუშაგოსთან ქართველი სამართალდამცველები რჩებიან. სიტუაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აკვირდებიან. ქართულ პოლიციასთან ერთად, ხაშურის რაიონში, უცხოელი მონიტორები 24-საათიან რეჟიმში პატრულირებენ.

რაც შეეხება ბლოკპოსტს, მისი დაშლის საკითხი არ განიხილება. ამ თემაზე, მომავალი კვირის დასაწყისში ერგნეთში კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება. მოლაპარაკებები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შედგება.

მიმდინარე პროცესს საერთაშორისო გამოხმაურება უკვე მოჰყვა. შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რუსეთს დესტრუქციული ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.