ვითარება საოკუპაციო ზოლთან

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთთან რუსი ჯარისკაცების გააქტიურება შეინიშნება. ადგილობრივები ყვებიან, რომ საოკუპაციო ხაზთან, რუსმა სამხედროებმა სპეციალური ტექნიკა მიიყვანეს და მავთულხლართების გაბმა დაიწყეს. მოსახლეობის განმარტებით, ეს არის ტერიტორია ოკუპირებულ ქსუისსა და მერეთს შორის, სადაც ახალი ბოძები ოკუპანტებმა უკვე არსებული მავთულხლართის შიგნით დაამონტაჟეს.

„ქვეყნის ოკუპაციიდან გამომდინარე, ეს არის ყოველდღიური რისკები, რომელთანაც ხელისუფლებას უწევს გამკლავება“ — ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე საოკუპაციო ძალების ქმედებებს. მმართველი გუნდის დეპუტატები აღნიშნავენ, რომ მთავარი მექანიზმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა და რუსეთის იძულებაა, რომ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია შეწყვიტოს.