ვითარება საოკუპაციო ხაზთან - პოლიტიკური შეფასებები

ოფიციალური თბილისისთვის ულტიმატუმის წაყენების შემდეგ, დე ფაქტო რეჟიმის მხრიდან, მუქარის შემცველი გზავნილები დღესაც გაგრძელდა. საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პოლიციის საგუშაგოს განთავსება დე ფაქტო რეჟიმმა აგრესიული პოლიტიკის წარმოებად შეაფასა და ძალისმიერი საშუალებების გამოყენებითაც კი დაიმუქრა. მმართველმა გუნდმა მსგავსი შინაარსის განცხადებების პასუხად, საოკუპაციო რეჟიმს რამდენჯერმე შეახსენა, რომ ოფიციალური თბილისის მთავარი მიზანი მოსახლეობის დაცვა და სიტუაციის დეესკალაციაა.

დაძაბულობის განმუხტვის აუცილებლობაზე მიუთითებენ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებიც. განსაკუთრებით მკაფიო იყო ვაშინგტონის გზავნილი, რომელმაც რუსეთს ვითარების დეესკალაციისთვის ყველა არხის გამოყენებისკენ მოუწოდა. უსაფრთხოების დაცვის არგუმენტით, მმართველი გუნდი ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგოს შენარჩუნებას აუცილებლად მიიჩნევს, ამ პოზიციას იზიარებს ოპოზიციაც.