ვითარება საკარანტინო სივრცეებში

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, საკარანტინო სივრცეებში სულ 178 პირი იმყოფება. სპეციალურად გამოყოფილ განყოფილებებში, მოქალაქეებს ორი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან. თბილისის გარდა, საკარანტინო სივრცეები შექმნილია გორში, ქუთაისში, ბათუმში, აბასთუმანსა და საჩხერეში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის,  თამარ გაბუნიას განცხადებით „ბევრი მოქალაქე კვლავ თავს არიდებს საკარანტინო სივრცეებში მოთავსებას და პერსონალს დიდი ძალისხმევა სჭირდება მათი დაყოლიებისთვის“. გაბუნია თხოვნით მიმართავს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ითანამშრომლონ როგორც თვითიზოლაციის, ისე საკარანტინო სივრცეებში განთავსების კუთხით.