ვითარება საავტომობილო გზებზე
დიდთოვლობის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი ცენტრალურ გზებზე უკვე მოიხსნა, ნაწილი კი კვლავ ძალაში რჩება. გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობი მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა აღდგენილია. თუმცა შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება. ეს აკრძალვა მოქმედებს ასევე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ბორითის მონაკვეთზე, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 106 კილომეტრზე. კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კოდა-სოფელ ალგეთის მონაკვეთზე, ნაქერალას უღელტეხილზე, საჩხერე-რაჭის გზაზე, მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო მონაკვეთზე და ჯვარი-უშგულის გზაზე.
ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია: ფარავნის უღელტეხილზე, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე, კორშა-შატილის მონაკვეთზე და უშგული-ლასდილის გზაზე.