ვითარება ქუთაისის ინფექციურში

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ხუთი წლის ბავშვს კოვიდ-19  არ დაუდასტურდა. კლინიკის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში კოვიდ 19-ის დიაგნოზით ექვსი პაციენტია მოთავსებული, მათგან ორს დაავადება მსუბუქი ფორმით აქვს, ორი პაციენტი საშუალო სიმძიმისაა, ორი კი – მძიმეა. კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კლინიკას ახალი პაციენტები არ მიუღია.

ქუთაისის ცხელების ცენტრს კი, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 22 პაციენტმა მიმართა, მათგან ანალიზი შვიდს აუღეს და ლაბორატორიულმა კვლევამ უარყოფითი პასუხი აჩვენა. დღეს კლინიკაში კიდევ რვა ახალი პაციენტია შესული, მათ ანალიზებს ლაბორატორიაში დღეს გაგზავნიან.

ცხელების ცენტრი ერთი კვირის წინ გაიხსნა და ამ ხნის მანძილზე სამედიცინო დაწესებულებას 120 პაციენტმა მიმართა. იზოლაციაში რჩება საჩხერის სამედიცინო ცენტრის მედპერსონალის 10 წარმომადგენელი, ვისაც ინფიცირებულ ინფექციონისტთან უშუალო კონტაქტი ჰქონდა.  ისინი კლინიკის პალატებში იმყოფებიან და მათთან ამ დრომდე დაავადების არავითარი სიმპტომები არ გამოვლენილა – ამის შესახებ სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ინფექციონისტის დადებითი პასუხის შემდეგ, კლინიკაში 100 თანამშრომლის სწრაფი ტესტი ჩატარდა და ყველა პასუხი უარყოფითია.